რა არის კოვიდ პასპორტი და არღვევს თუ არა ის ადამიანის უფლებებს?

Updated: Nov 8, 2021



4 ნოემბრის სხდომაზე საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს „მწვანე პასპორტის" გამოყენებასთან დაკავშირებული წინადადებები, რომელთა შესახებ დეტალური მსჯელობა გაიმართება და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საბჭოს სხდომა დამატებით ჩაინიშნება.


რა არის კოვიდ პასპორტი?

კოვიდ პასპორტი არის იგივე QR კოდი, რომელიც უკვე მინიჭებული აქვს ყველა სუბიექტს და მოიცავს ინფორმაციას მისი კოვიდ უსაფრთხოების შესახებ (მაგ. არის ვაქცინირებული, კოვიდ-გადატანილი ან აქვს COVID-19-ის უარყოფითი ტესტის პასუხი).

QR კოდის დასკანირებისას ვებ-გვერდზე ან შესაბამის მოწყობილობაში ჩნდება მოქალაქის ბიომეტრიული ფოტოსურათი, ინიციალები და ტექსტი. "აღნიშნული პიროვნება აკმაყოფილებს კრიტერიუმებს" ან "ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს"


როგორ მიიღოთ კოვიდ პასპორტი?

კოვიდ პასპორტის მისაღებად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე: covidpass.moh.gov.ge სადაც პერსონალური მონაცემების მითითების და SMS_ით ვერიფიკაციის გავლის შემდეგ გამოჩნდება თქვენი უნიკალური QR კოდი ანუ კოვიდ პასპორტი.



ვინ არის კოვიდ პასპორტში მწვანე?


  • სრულად ვაქცინირებული პირი ( Pfizer-BioNTech, Moderna, AstraZeneca, sinopharm და sinovac ვაქცინების შემთხვევაში 2 დოზით, Johnson & Johnson's ვაქცინის შემთხვევაში 1 დოზით ) იმ შემთხვევაში თუ ბოლო დოზის გაკეთებიდან გასულია 2 კვირა.

  • Covid-19-ზე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირი ტესტის ჩატარებიდან 72 საათის განმავლობაში

  • Covid-19-ზე ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირი ტესტის ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში

  • კოვიდ გადატანილი პირი COVID-19 დიაგნოზის დადასტურებიდან 6 თვის განმავლობაში (14 დღიანი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ).

რა ხდება თუ ვაქცინა ან PCR ტესტი საზღვარგარეთ ჩავიტარე?

იმ შემთხვევაშ თუ ხართ სრულად ვაქცინირებული ( Pfizer-BioNTech, Moderna, AstraZeneca, sinopharm და sinovac ვაქცინების შემთხვევაში 2 დოზით, Johnson & Johnson's ვაქცინის შემთხვევაში 1 დოზით ) და საქართველოს საზღვრის კვეთისას წარადგენთ აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს, კოვიდ პასპორტში ავტომატურად გამწვანდებით.

ამას გარდა კოვიდ პასპორტში მწვანე იქნებით საზღვრის კვეთიდან 72 საათის განმავლობაში თუ საზღვარზე წარადგენთ PCR ტესტის უარყოფით პასუხს.


ახდენს კოვიდ პასპორტი დისკრიმინაციის პრევენციას ვაქცინირებულ და არა-ვაქცინირებულ მოქალაქეებს შორის?

დიახ, შეგვიძლია მყარად ვთქვათ რომ კოვიდ პასპორტით ვერანაირად მოხდება ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ( კოვიდგადატანილ, გატესტილ ) მოქალაქეებს შორის დისკრიმინაცია რადგან მაკონტროლებელ პირს ( ვინც ამოწმებს კოვიდ პასპორტს ) უჩანს მხოლოდ ის რომ პიროვნება აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ანუ არის კოვიდ უსაფრთხო და მას არ უჩანს მოქალაქე აცრილია, კოვიდ გადატანილი თუ გატესტილი.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კოვიდ პასპორტის სისტემა, არ არღვევს ადამიანის უფლებებს და შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე მისი არსებობა აუცილებელიცაა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რაც ითვალისწინებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.